მაია ცქიტიშვილი- 800 ათასზე მეტი ბავშვისთვის დახმარების გაცემა კოვიდ ფონდის 134 მილიონიანი შემოწირულობით გახდა შესაძლებელი
6 აგვისტო 2020მოქალაქეთა დახმარების მესამე პაკეტი საბიუჯეტო სახსრებში, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებისა და კოვიდ ფონში არსებული ხელმისაწვდომი რესურსის მიხედვით განისაზღვრა-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ახალ სოციალურ პაკეტზე საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამავე პრინციპით შეფასდება შესაბამისი ბენეფიციარებისთვის დახმარების შემდგომი პაკეტის შეთავაზების შესაძლებლობა.
„მეორე პაკეტი ითვალისწინებდა როგორც თვითდასაქმებულთა დაფინანსებას ერთჯერადად, 300 ლარის ოდენობით , ასევე 6 თვიან შემწეობას, ჯამში 1200 ლარის ოდენობით. დღეს, როდესაც უკვე დასრულდა რეგისტრაციისთვის გაგრძელებული ვადები და შევძელით შეგვეფასებინა რამდენ ადამიანს დასჭირდა როგორც შემოსავლების, ან სამსახურის დაკარგვის შედეგად მისაღები კომპენსაცია, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდა ასევე შეგვეფასებინა, რა რესურსი იქნებოდა ხელმისაწვდომი იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე მესამე პაკეტის შეგვეთავაზებინა“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით, 800 ათასზე მეტი ბავშვისთვის განსაზღვრული დახმარების გაცემა კოვიდ ფონდში გადარიცხული 134 მილიონიანი შემოწირულობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
„დაახლოებით 70 მილიონი ლარის არის ის 200 ლარიანი დახმარება, რომელიც 17 წლის ჩათვლით ბავშებისთვის განისაზღვრა. სწორედ კოვიდ ფონდის 134 მილიონმა მოგვცა საშუალება, ასეთი მოცულობის პაკეტი შეგვეთავაზებინა საკმაოდ დიდი ჯგუფისთვის. ეს არის 800 ათასზე მეტი ბავშვი და ამ თანხის ხელმისაწვდომი იყო ერთ-ერთი პარამეტრი, რამაც საშუალება მოგვცა ამ დიდ ჯგუფს დავხმარებოდით“,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მან ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ხელისუფლება მოქალაქეებზე ზრუნვას განაგრძობს და საარჩევნო მოსყიდვას გამორიცხავს.
„ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა დავიწყეთ 2012 წლის ოქტომბრიდან და მას შემდეგ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, პროგრამა, გადაწყვეტილება, სტრატეგია, ნებისმიერი ქმედება, ამა თუ იმ სამინისტროს ფარგლებში მუშავდება სწორედ ჩვენი მოქალაქეების ზრუნვაზე. როდესაც მთელი მსოფლიოს მსგავსად კოვიდ პანდემიის წინაშე აღმოვჩნდით, მოქალაქეებს და ბიზნესს ჯერ კიდევ მარტის თვეში შევთავაზეთ დახმარება. მარტში ეს იყო შეღავათები კომუნალურებზე და შემდეგ უკვე აპრილში მეორე დიდი პაკეტი. დღეს ჩვენ ასევე მოგვეცა საშუალება მოგვემზადებინა მესამე პაკეტი და შემდგომი ეტაპის შეფასების შემდეგ შესაძლოა დაგვჭირდეს მომდევნო პაკეტების შეთავაზება, როგორც ბიზნესისთვსი ასევე მოქალაქეებისთვის“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.